Iveri Melashvili

Iveri Melashvili


Cartographer


ივერი მელაშვილი – დაბადებული 1958 წლის 15 ივნისს, ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში, სახელმწიფო მოხელის ოჯახში.

1965 – 75 წლებში ვსწავლობდი ქ. თბილისის N124-ე, შემდეგ კი N139-ე საშუალო (ამჟამად საჯარო) სკოლებში.

1975 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ამჟამად აგრარული უნივერსიტეტი), რომლის სრული კურსი წარჩინებით დავამთავრე 1980 წელს, სპეციალობით – ინჟ. მიწათმომწყობი. ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, 1976-79 წლებში ვმუშაობდი თბილისის საავეჯო კომბინატში, მუშად.

1980-87 წლებში განაწილებით ვმუშაობდი მიწათმოწყობის სახელმწიფო ინსტიტუტში, ჯერ ინჟ. მიწათმომწყობის, შემდეგ პროექტის მთავარი ინჟინრის თანამდებობებზე. მუშაობის პერიოდში 1980-82 წწ გაწვეული ვიყავი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. ვმსახურობდი გერმანიაში (გდრ), კურსანტის, სერჟანტის, უფროსი სერჟანტის წოდებებით. ჯარის დასრულებიდან ვარ თადარიგის ოფიცერი.

1987 წლიდან, გადაყვანის წესით, მუშაობა გავაგრძელე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოში. შემდგომ პერიოდში აღნიშნულ მთავარ სამმართველოს ბაზაზე იქმნება მიწის მართვის სახელმწიფო კომიტეტი, დეპარტამენტი, ბოლოს კი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. აღნიშნულ სამსახურში ვიმუშავე 1997 წლამდე, სპეციალისტის, მთავარი სპეციალისტის, მიწათმოწყობის სამმართველოს უფროსის, მიწის რეფორმის სამმართველოს უფროსის, საადგილმამულო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსის, მიწის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე. პარალელურად, 1992-94 წლებში ვიყავი ტასისის (TACIS) დახმარების, ხოლო 1995-97 წლებში მსოფლიო ბანკის (WB) პროგრამების კონსულტანტი.

1997-2004 წლებში ვმუშაობდი საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ერთობლივი პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების“ (ADP) მიწის რეგისტრაციის განყოფილების (LRU) ხელმძღვანელად.

2005-2020 წლებში ვმუშაობდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა საკითხებში კონსულტანტის, მრჩევლის, სამსახურის უფროსის თანამდებობებზე. 2020 წლის ოქტომბრიდან, ცნობილი ბატალიებისა და ბრალდების შემდეგ, შეჩერებული მქონდა უფლება-მოსილება, ხოლო 2023 წლიდან საერთოდ გაუქმდა ეს სამსახური, რეორგანიზაციის საფუძველზე.

1994-2019 წლებში მიწვეული ვიყავი და ვმუშაობდი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო/სამთავრობო კომისიის წევრად. ვიყავი ჯერ ექსპერტი, შემდეგ კი ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

2020 წლის ოქტომბრიდან ვარ ბრალდებული, ერთის მხრივ, სამართლებრივი და ტექნიკური თვალსაზრისით, სრულიად აბსურდულ, მეორეს მხრივ კი, მორალური თვალსაზრისით, ყოვლად ცილისწამებლურ, უგვანო და ბინძურ საქმეში, თითქოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესში აზერბაიჯანის სასარგებლოდ საქართველოს კუთვნილი რაღაც ტერიტორიების დათმობის თაობაზე. წინასწარი პატიმრობით ვიჯექი კიდეც ციხეში, დაახლოებით 4 თვე. ამჟამად, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც უსაშველოდ ჭიანურდება…

ვარ პენსიონერი. მყავს მეუღლე – თამარ სულაძე, მუშაობს ფარმაკოქიმიის ინნსტიტუტში, მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე და ერთი შვილი – ზურაბ მელაშვილი, სატრანსპორტო მენეჯმენტის ბაკალავრი, მუშაობს „ორი ნაბიჯის“ ქსელში.